„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს, ფაქტობრივად, მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ჩემი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, გარკვევით აცხადებენ, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს მოწყვლადობას, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 30 წელია, ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებს ვეხმარებით, ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა, ეს არის სანაპირო დაცვა, ეს არის სასაზღვრო პოლიცია, ეს არის საქართველოს თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია.
ყველანი უფრო ძლიერები არიან, გაზრდილი შესაძლებლობით, ისინი არამხოლოდ თანამშრომლობენ, არამედ შეერთებულ შტატებთან და NATO-ს მოკავშირეებთან მსახურობენ ავღანეთში, ერაყში. ასე რომ, ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია და ამას ჩემი ლიდერები გარკვევით აცხადებენ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.