პრემიერი: მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით

„ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

„პირადად მოვახსენებ მადლობას პრემიერ-მინისტრებს: მორავიეცკის და ანდერსონს, როგორც ჩვენი დღევანდელი ღონისძიების წამყვანებს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.

ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ პარტნიორებს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს.
 
მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები. სესიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები. დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.