მოლდოვის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Twitter-ზე პირველი განცხადება გააკეთა.

მაია სანდუ ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ცნობებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, - წერს სანდუ.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.


ასევე წაიკითხეთ