ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. „დღევანდელი აქციის მიზანია, გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში. ჩვენ ვითხოვთ თუნდაც სასჯელის გადავადებას ან რაიმე ფორმით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ“, - განუცხადა მედიას მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საზღვარგარეთ ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის განსახიერებაა და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარულია.

„საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია: ერთი, უკრაინასთან და მეორე - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებით. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველა აცნობიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს.

„როგორც არასოდეს, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით და დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა უცხოელების მხრიდან დიახაც, გამოიხატება ამ ქვეყნის მომავლის ქომაგობაში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ორი მხარე არსებობს, ან მხარე ხარ კრემლის, ან დასავლური თავისუფალი სამყაროსი და მიხეილ სააკაშვილი არის საზღვარგარეთ ბევრისთვის განსახიერება ბოროტებასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ძალიან მცირე დროის საქმეა.

„დიახაც, მობილიზაცია საერთაშორისო სწორი აზრისა უკვე არის სახეზე. ვფიქრობ, ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.