აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

როგორც „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, რწმუნებათა სიგელის ასლების გადაცემის ცერემონიას სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკა ოლსონი, კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი ლორა ჰოჩლა და აშშ-ში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ.

ამავე ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 30-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.