რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ $5,2 მილიარდად გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდვის სურვილი ბიზნესმენების კონსორციუმმა გამოთქვა, რომლის შემადგენლობაშიცაა ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბელი, რომელიც ბეისბოლის გუნდის „ლოს-ანჯელეს დოდჯერს“-ის თანამფლობელია. 

„ჩელსის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები შეთანხმებულია. გარიგების თანახმად, კონსორციუმი საფეხბურთო კლუბში 4,25 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ($5,2 მილიარდი) გადაიხდის. აქედან 2,5 მილიარდი ფუნტი „ჩელსის“ აქციების შესყიდვაზე მიემართება. დანარჩენი თანხა კი ბრიტანეთში აბრამოვიჩის გაყინულ ანგარიშზე მოხვდება. აბრამოვიჩი თანხის დახარჯვას ქველმოქმედებაზე გეგმავს.

1,75 მილიარდი ფუნტის დახარჯვას, საფეხბურთო კლუბის მფლობელები მის განვითარებაზე დახარჯავენ. ამასთან, იგეგმება ინვესტირება ქალთა გუნდშიც, „ჩელსის“ აკადემიაში და ლონდონში, ორი სტადიონის შესაკეთებლად. ბიზნესმენების კონსორციუმში ტოდ ბილის გარდა გაწევრიანდნენ ამერიკელი ბიზნესმენი, მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital. გარიგება მაისის ბოლოს დაიხურება. საბოლოოდ გარიგება უნდა დაამტკიცოს ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლებამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს. მან კლუბის გაყიდვის შესახებ მარტში გამოაცხადა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ მოხვდებოდა უკრაინაში ომის გამო. აბრამოვიჩმა თქვა, რომ კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.


Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად იყო შეფასებული.

აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ.

Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.


სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.


ასევე წაიკითხეთ