ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კვლავ უჩივის, ამის შესახებ განცხადებას თავად ბიზნესმენის პრესსპიკერი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ბიზნესმენის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ შეასრულა, რითაც ივანიშვილმა ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა.

„ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ აქვთ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარებმა ამ პოზიციის შესახებ ბანკს მკაფიოდ აუხსნეს მათ მიერ გაგზავნილ 14 და 29 აპრილის წერილებში, რომელთათვისაც ტრასტის რწმუნებულს არც კი უპასუხია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს. კლიენტს კი აქვს მიმდინარე მოვლენების თავისი ახსნა და პოზიცია, რომელსაც მომავალში შეგატყობინებთ“, - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში.

2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.