ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკრძალეს. 28 წლის ალან თედეევი რუსეთის საოკუპაციო - სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. რადიო თავისუფლების ცნობით, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო მოსამსახურე თედეევი, სირიასა და დონბასის ე.წ რესპუბლიკაში იბრძოდა.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო ჯარისკაცი და ის მოკვდა, როგორც ჯარისკაცი”, - თქვა გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა ჯაგაევამ. ქუჩაზე, სადაც თედეევი ცხოვრობდა, შეიკრიბნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ის სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.
4 მაისს ცხინვალში ალიმ ლოხოვის გარდაცვალების ცნობაც გავრცელდა. მანამდე, ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური ინალ კორტიევი დაიღუპა. უფრო ადრე კი სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი დაიღუპნენ.