ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. ევროკავშირი Europetime-თან აფიქსირებს პოზიციას, რომ „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“.
- ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
- საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, 9 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.