პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მამა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
მისი თქმით, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაშია.
„რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინაზე, რაც ძალიან რთული, მტკივნეული საყურებელია. რეალურად ვართ ამ სიტუაციაში მთლიანად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან და მდგომარეობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მას უმკურნალონ. პასუხისმგებლობა აქვთ მის ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით.
ექსპრეზიდენტის შვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, მე გახარებული ვარ ამ ეტაპზე, პოზიტიური სიგნალი არის, რომ შესთავაზეს გადასვლა, ვნახოთ, ეს რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია. მე როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს", - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.
კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.