„ვოიაჟერი“: საუდის არაბეთიდან ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმებას ვერ დავადასტურებთ

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორმა  სოფო აზარაშვილმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთიდან ტურისტებს მისი კომპანიისთვის ჯავშნის გაუქმების შესახებ არ მოუმართავთ. „ამ პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან ბევრ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მსგავსი კომენტარი, რომ ისინი აუქმებენ ჯავშანს ფრენაზე და აღარ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, არცერთი ჩვენი ტურისტისგან არ მოგვისმენია. არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა საუდის არაბეთიდან და შესაბამისად ვერ დავადასტურებთ, ინფორმაციას, რომ ამ ქვეყნიდან ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა.

Europetime-მა გალფის ქვეყნებიდან [არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი] ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემომყვან კომპანია „ვოიაჟერს“ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაში შეიყვანა და ერთ დღეში ამ ქვეყნიდან საქართველოში ჯავშანი 40-მა ადამიანმა გააუქმა.

გასულ კვირას გამოცემა saudigazette-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე ბავშვებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე შემწეობას ითხოვდნენ, საუდის არაბეთის მოქალაქეები გაძარცვეს. ამიტომ საელჩო საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებს, რომ ასეთი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, თავი აარიდონ საეჭვო ადგილებში გადაადგილებას და არ იქონიონ თან დიდი თანხა და ძვირფასი სამკაულები.

ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაშია, თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს ვებგვერდზე არ იძებნება. 

Europetime-ს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტას ვერ გააკეთებენ, რადგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. 

Europetime-მა შეკითხვით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც მიმართა, რა ვითარებაა საუდის არაბეთიდან ტურისტების ვიზიტებთან დაკავშირებით. კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოთხ თვეში საქართველოს საუდის არაბეთიდან სულ 1 929 მოქალაქე ეწვია.  აპრილი - 169; მარტი- 496; თებერვალი -394, იანვარი - 870.

აპრილში, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების შემცირებას „ვოიაჟერის“ დირექტორი „რამადანს“  უკავშირებს, როდესაც აპრილ-მაისში საუდის არაბეთიდან ტურისტების ნაკადი მცირდება.

პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 10 483 ტურისტი შემოვიდა.