სებ-ი „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების რისკის ზრდას“ სპეკულაციას უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება.


„გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება,“ წერია სებ-ის განცხადებაში.


სებ-ის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.