მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი.
„მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.