უნგრეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას.

რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის.

აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.