კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის კომენტარზე: ზოგადად, ასეთი ტიპის კომენტარები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი, არ არის სასარგებლო და ქმნის დაბნეულობას

„ქართული ოცნება“ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შვეიცარული ბანკის (Credit Suisse) უკან შეერთებული შტატები დგას, იღებთ თუ არა თქვენ ამას როგორც პოლიტიკურ ბრალდებას, რას უპასუხებთ მას და არის თუ არა ეს ანტიდასავლური პროპაგანდა“, - ამ შეკითხვით ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა 10 მაისს მიმართეს. 

„შვეიცარული ბანკი არის კერძო კომპანია და ალბათ, უმჯობესია, მას თავად მიმართოთ. მე არ ვფლობ ინფორმაციას იქ განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება კომენტარს, ეს იყო დამაბნეველი, ზოგადად, ასეთი ტიპის კომენტარები, რომლებსაც არ აქვს საფუძველი, არ არის სასარგებლო და ქმნის დაბნეულობას. ეს არის გარკველი სახის დეზინფორმაცია, რომელიც ქმნის დაბნეულობას და იწვევს ადამიანების დაყოფას. მე ვიტყოდი, რომ ახლა არ არის დაყოფის, დაპირისპირების დრო, ეს არის დრო, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს. პირადად მე, დამაბნია ამ ტიპის კომენტარმა“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.


„როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 10 მაისს განუცხადა, როდესაც შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.

რამდენად ეთანხმება მათ, ვინც შვეიცარიული ბანკის ამ გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: 

მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და კოორდინაცია ბუნებრივია, ჩანდა.

იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს...რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი“.