პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.
მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.