ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბს შექმნის. ამის შესახებ მედია მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები შესწავლილია, რათა მიწოდების ჯაჭვის შეფერხება თავიდან იყოს აცილებული.
ყაზახეთი ელის, რომ 2022 წლისთვის, აქტაუსა და კიურიკის პორტებიდან გადაზიდვები 10 მლნ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთები იქნება.
ყაზახეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონტეინერო ჰაბი აქტაუს პორტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. მედიის ცნობით, მთავარი აქცენტი ტრასკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე კეთდება.
„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიის შექმნაზე. ახლა ყველა დოკუმენტის განხილვისა და მომზადების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა იერლან აბსატოვმა.
საკონტეინერო ჰაბი სავარაუდოდ, პორტთან ახლოს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსდება, პროექტში სინგაპურული კომპანიების ჩართვაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.