აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ, 17 ნოემბერს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე საჯაროდ გააკრიტიკა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმები.
კოლბის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტიანი და კონფლიქტის ესკალაციის რისკს ზრდის - მის ამ შეფასებას მყისიერი წინააღმდეგობა მოჰყვა ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან.
CNBC-ის ცნობით, კოლბიმ აღნიშნა, რომ პენტაგონის შეფასებით, რუსეთის სიღრმეში განხორციელებულმა დარტყმებმა ვერც ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შეანელა და ვერც ომის დასრულება დააახლოვა. მან ამ დარტყმებისადმი საჯარო ყურადღებას „სანახაობა“ უწოდა, რომელიც ძირითადად რუსეთის მოსახლეობისთვის ტკივილის მიყენებას ისახავს მიზნად.
კოლბიმ განაცხადა, რომ რუსულ კომერციულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე — კერძოდ, რუსული ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის საწყობებზე მიტანილმა იერიშებმა რუსეთის საზოგადოების განწყობა გაამკაცრა და კრემლის მხრიდან ესკალაციის მზაობა გაზარდა.
ამასთან, მან გააფრთხილა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, არ დატოვონ ამერიკული კომპანიები იარაღის შესყიდვის გარიგებების მიღმა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთებულ ოფიციალურ მიმართვაში კოლბიმ განმარტა, რომ უკრაინას „ხელები ზურგს უკან შეკრული“ არ უნდა ჰქონდეს. სანაცვლოდ, მან კიევსა და მის პარტნიორებს მოუწოდა, სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზის საბრძოლო აღჭურვილობაზე, საჰაერო თავდაცვასა და საშუალო მანძილის ოპერატიულ დარტყმებზე მიმართონ, რომლებიც უშუალოდ რუსეთის მომარაგების ხაზებს ანადგურებს.
გერმანიის პასუხი
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კატეგორიულად უარყო კოლბის კრიტიკა და აშშ-ის მხრიდად გაფრთხილებას „საკმაოდ სულელური რამ“ უწოდა, იტყობინება The Guardian. პისტორიუსის თქმით, უკრაინა ლეგიტიმურ სტრატეგიულ სამიზნეებს ურტყამს და მოკავშირეებმა ამის ნაცვლად უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და გათბობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უნდა დაგმონ.
დიდი ბრიტანეთის პოზიცია
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ასევე შეეწინააღმდეგნენ აშშ-ის პოზიციას და განაცხადეს, რომ უკრაინის შორი მოქმედების დარტყმებმა მოსკოვის საომარი ძალისხმევა შეასუსტა და უკრაინელების სიცოცხლეს იცავს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ უკრაინას ვერ უკარნახებენ, როგორ აწარმოოს ომი. სტრიტინგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებმა შეამცირა პუტინის სამხედრო მანქანის ეფექტიანობა.
ეს საჯარო უთანხმოება მოჰყვა უკრაინის მიერ ყირიმის ხიდის დაზიანებას და აშშ-ის მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის დაგეგმილი სამიტის წინ.