რატი ბრეგაძე: არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, საქართველოში და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ამ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე პასუხი“, -  განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში  არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი. „არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად... ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


12 მაისს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.