"ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
როგორც დავით ნარმანიამ სემეკის საჯარო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა.
„საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ.
რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და მათ შორის პანდემიის გავლენასაც ასახელებს.
„პირველ რიგში ესაა პანდემია და მისგან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე ბოლო 2 წელი არ იყო უხვი ნალექები და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას. იყო სხვა რამდენიმე ფაქტორი, რამაც ზეწოლა მოახდინა ტარიფზე. გაცვლით კურსს რაც შეეხება, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული კურსი ავიღეთ, რასაკვირველია, ლარის კურსი აძვირებდა შესასყიდ ელექტროენერგიას“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე სემეკის მიერ სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა 6 თვით, თუმცა მას შემდეგ, რაც „თელასისგან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გამოიყოფა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ზაფხულში ტექნიკური ცვლილება მოხდება, რაც ტარიფებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს.
ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.