საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-ისა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.