NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი. სტოლტენბერგი კოვიდინფიცირების გამო, ბერლინში ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო.
სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს“ და მზადაა, იმოქმედოს, თუ რუსეთი NATO-ს წევრებზე რაიმე თავდასხმას განახორციელებს.
-
ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია
- თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ალიანსი შეისწავლის გზებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბალტიის რეგიონში.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.