პრეზიდენტმა საული ნიინისტომ 15 მაისს დაადასტურა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ფინეთის პრეზიდენტს განაცხადის წარდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ოფიციალური განაცხადის წარდგენა შესაძლოა, დღეს მოხდეს.
„დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და სამთავრობო საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი NATO-ს, წევრობისთვის მიმართავს, განუცხადა ნიინისტომ ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს.
ნიინისტომ და პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ ალიანსში გაწევრიანებას, რითაც მწვანე შუქი აუნთეს განაცხადის წარდგენას.
ნიინისტომ შაბათს დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმების შესახებ ესაუბრა. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯი ზიანს აყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.