„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა
„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.
აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე.
ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა.
წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.