საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას განცხადებით ეხმაურება.
„მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან:
ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.
სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე განაცხადა: „როგორც კი დრო მოვა, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.