საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს შეხვედრები დამატებით იმპულსს სძენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს მისამართით აჟღერებენ.
როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, „ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას.“
მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს აუცილებლად დაუფასდება ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი.
ამ კონტექსტში, მან ტრიოს ფორმატის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ „სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სიგნალი, რომ ტრიოს ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და რომ ტრიოს ერთიანობა მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია“.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დღეს, როდესაც ქვეყანა ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება, ბრიუსელში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ინდივიდუალური შეხვედრები განსაკუთრებულ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს.
მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.
შეხვედრებზე ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება.