დავით ნარმანია - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა

უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ-ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებს აქვთ თავისი ექსპლუატაციის ვადა და აქვთ თავისი მაქსიმალური სიმძლავრე მასზე მეტს ვერ გამოიმუშავებენ, თუმცა იქ, სადაც რემონტები შესაძლებელია, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და როცა ჰესების ტარიფს ვადგენთ კაპიტალურ ხარჯებს ვითვალისწინებთ, რათა მოხდეს ჰესების შეკეთება და თუ რამე დანაკარგი აქვთ, მეტი გამოიმუშაონ ასეთმა ჰესებმა. მაგალითად, „ენგურჰესი“, რომელიც იანვრიდან აპრილის ბოლომდე გაჩერდება და სერიოზული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ეს ითვალისწინებს, რომ გვირაბში არსებული დანაკარგები რაც აქვს ამ ჰესს, ეს დანაკარგები აღარ იყოს და ამის შედეგად გამომუშავება გაიზრდება, დაახლოებით, 15%-მდე დანაკარგი რაც აქვს არ იქნება ამ რეაბილიტაციის მერე, მაგრამ მასზე მეტს ხომ ვერ გამოიმუშავებს?! იმიტომ, რომ აქვს თავისი სიმძლავრე. რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა, ზოგადად ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში.რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა“ - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი საქართველო ვერ იქნება.