ირაკლი კობახიძე: 2017 -2019 წლებში, საელჩოების განცხადებებმაც მისცა საშუალება ნიკა გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეს ვხედავთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საელჩოების შეფასებას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, კობახიძემ საელჩოებს მოუწოდა, არ გაიმეორონ იგივე და დასაბუთების გარეშე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა, განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

მე ვამბობ ერთ რამეს, რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, - განაცხადა კობახიძემ.


16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.