შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ან ლინდემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ფინეთთან ერთად NATO-ს მალე გადაეცემა.
ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.
შეგახსენებთ,ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი არ ემხრობა. პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.
ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თუმცა ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
„უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს.