შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა, რომ დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. როგორც ცნობილია, თურქეთს მოკავშირეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
რუსეთის რეაქციის შეფასებისას, ან ლინდემ აღნიშნა, რომ რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა იმის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქეები ნაცისტები არიან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიბერშეტევების გააქტიურებას ელის.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია.
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.