პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი

ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

„დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

„შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. 

ასევე წაიკითხეთ