საფრანგეთში საქართველოს საელჩო: რუსული კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა მიუღებელია

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა", - ასე გამოეხმაურა საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ“ მხატვრად.

„გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“.

საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს.

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.