ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.
სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ არაეთიკურ თავდასხმაზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონტრბრალდებებით შეხვდნენ.
საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი დაზიანება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, „ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.