საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამატებით იარაღს დაჰპირდა. ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მხარემ გაავრცელა.
მაკრონის ოფისის ცნობით, მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ იარაღის მიწოდება გაგრძელდება და ინტენსივობა მომდევნო დღეებსა და კვირებში გაიზრდება. გააქტიურდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესიც.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის განაცხადი, ევროსაბჭოს სესიაზე, ივნისში განიხილება. ევროკავშირის დისკუსია დაეფუძნება სულისკვეთებას, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.
ლიდერებმა ასევე განიხილეს აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის საკითხი, ასევე, სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაშვების შესაძლო გზები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.
მაკრონის ოფისის ცნობით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და იყო ხანგრძლივი და არსებითი.