Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ.
„მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნავს სტრუტერსი.
სტრუტერსის თქმით, Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება.
დღესვე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო.
„გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“, - წერს უწყება.
„ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები; თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ“, – განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ქართული მედიის ცნობით, (Georgian Journal-თან).
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.