საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათით ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში. პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს.

„მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18:00 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას 5 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17:00 საათზე", - განმარტავს საია.