თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.