საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.
გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია.
„ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი თავის მხრივ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა.
მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.