აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.
„სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში 2-დღიანი (18-19 მაისი) ვიზიტით ჩამოვიდა.
საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა.
შოლე ასევე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.