ჯოზეფ ბორელი: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადზე და აღნიშნა, რომ ეს რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის დაჩქარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან აცილებისთვის კარგი მომენტია.


„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.


2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.