საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.
„ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების საქმეებზე. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკურად მოტივირებულ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან საქმეებში სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება. ასევე გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას. „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ პროცესში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე. რაც მთავარია, ხაზი გაუსვით სასამართლოში რეფორმების აუცილებლობის საკითხს. მათი ინტერესიც მიემართებოდა იმისკენ, თუ რა კუთხითაა სასამართლოსთან მიმართებით ნაბიჯები გადასადგმელი და რა რეფორმებია საჭირო. ასევე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია და ერთი ხელიდან გათავისუფლება მოხდეს, ასევე, როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ იმართება რეალურად სასამართლო ხელისუფლება და რას გულისხმობს ამ სისტემაში კლანის არსებობა“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.
„სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.