რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც

არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. ის გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნიკა მელია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი.

„პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

მელია იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები.

„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ ისმის. თუ ვინმე არის კლასიკური, ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიის წარმომადგენელი, ეს პირველი შემთხვევა იყო.


„ჩვენი მთავარი სათქმელი გახლდათ ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან.

როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში დასავლეთს როგორ ესხმის თავს „ქართული ოცნება“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს. სანქცირების საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, მაგრამ საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად, ერთი პარტიის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც მთელი პარტია ჰყავს დაქვემდებარებული და აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული ინტერესებით, პარტიული ინსტრუქციებით და მისი ინსტრუქციებით იმართება“, - განუცხადა მედიას თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე მოსამართლეების სანქცირების შესაძლებლობაზე მიუთითა და უკრაინის მაგალითი მოჰყავს.

„ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ, სადაც არის მტკიცებულება, იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და ეს ქმედება არის აუცილებელი თუნდაც, სასამართლოს შემთხვევაში. როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს, როგორც უკრაინაში დაიწყეს მოსამართლეების სანქცირება და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ისე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება ივანიშვილზე იქნება, თუ სხვაზე, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ შევალ, ამის უფლება არ მაქვს. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, ძალიან კარგად ესმით რატომ ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მთავარი გზავნილი მათი მხრიდან - ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, აღარც სჭირდება მსჯელობა, რომ საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის აშშ-ის გულწრფელი შეშფოთება.

„გვარამიაზეც, ივანიშვილზეც, სასამართლოზეც, სააკაშვილზეც კითხვებს გვისვამენ“, - დაამატა ვაშაძემ.


„გვაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, რომ ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, მთაზე, რომ ცხოვრობს მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა უშლის ხელს მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს“,- აღნიშნავს თავის მხრივ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს საქართველოს სწრაფი ტემპით უკუსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზიდან. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან საუბარი იყო სანქციებზეც და იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა, იყოს მკაფიო პოზიციონირება. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად გზავნილია. შეხვედრაზე შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ვახსენე საქართველოს ათასობით მოქალაქის წუხილი, რასაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არ ახსენებს „ქართული ოცნება“. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და კარგად გვესმის, უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, რისგანაც საქართველოს გადაქაჩვას მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ხელოვნურად გაჩერებული რეფორმებით, პოლიტიზებული მართლმსაჯულებით, მედიაზე ზეწოლით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, უსაფრთხოებს სამსახურების უკონტროლო მოქმედებით და მიტაცებული სახელმწიფოთი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.