დერეკ შოლე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხება.
- რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც
- დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის დაგმობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით
„ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა, მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე, NATO-სიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?“, - ჟურნალისტის ამ შეკითხვას დერეკ შოლემ უპასუხა:
„ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერ-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“.