სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, შთაბეჭდილებების შესახებ Twitter-ზე წერს. შოლეს პოსტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ასახავს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა ადამიანებთან, რომლებიც ოპოზიციურ აზრს გამოხატავენ. განხილვის თემა კი, შეეხებოდა შეერთებული შტატების ფართო ვალდებულებს, დაეხმაროს საქართველოს ძლიერი, უსაფრთხო დემოკრატიის აშენებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან 19 მაისს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.
„ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„დღეს შევხვდი საქართველოს გამოჩენილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხაზი გავუსვი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მედია საზოგადოების მიმართ, რადგან ისინი საზოგადოების ინფორმირების მიზნით და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობენ. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პლურალისტური, თავისუფალი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიებისთვის“, - წერს დერეკ შოლე Twitter-ზე.
სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.