შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის განცხადებას, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სამართალდამცავებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გიორგი მჟავანაძემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და დააკავეს ადმინისტრაციული წესით - პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მის პრეტენზიებს რაც შეეხება, იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,- განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, მჟავანაძეს ჰქონდა შესაძლებლობა იმავე დღეს შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველსა და ექსპერტებს.
"მჟავანაძის შემთხვევას რაც შეეხება, ის მისული იყო პოლიციის განყოფილებაში, რომ ჩაებარებინა მის მიმართ დაკისრებული სამართალდარღვევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, ამის შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და მას ღია სასამართლო სხდომაზე ჰქონდა შესაძლებლობა მტკიცებულებები წარედგინა. ჩვენი მხრიდანაც სასამართლოზე წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევაში მისი მონაწილეობის ფაქტს. ჯერ პროცესი არ დასრულებულა, პირველ ივლისს უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. რაც შეეხება მისი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულ საკითხზე იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც არის დამოუკიდებელი უწყება, შესაბამისად, იმავე დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველს, ექსპერტს, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ დადასტურდება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება",- განაცხადა დარახველიძემ.
კითხვაზე, რატომ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელები, რომელთაც მჟავანაძე ძალადობაში ადანაშაულებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ "ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არ დადასტურდა ბრალი, ის ითვლება უდანაშაულოდ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.
„სირცხვილიამ“ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.