დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრები გამართა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და ბენ კარდინთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ელჩის Facebok გვერდზე გავრცელდა.

მისი მიხედვით, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 30-წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაში.

„ამასთან, სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.