Reuters: გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე.

წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ეს საკითხი ევროკომისიასთან განიხილა და მიიღო განმარტებები, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი ლეგალურად.

Reuters-ის ცნობით, ბრიუსელმა გამოაქვეყნა ორი წერილობითი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის შეძენა სანქციების დარღვევის გარეშე. მედიის წყაროების ცნობით, ბრიუსელის მიერ შეთავაზებული ლეგალური მარშრუტი ბუნდოვანია და კომპანიებს ურჩევენ არ გახსნან რუბლის ანგარიშები „გაზპრომბანკთან“. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ინსტრუქციები ბიზნესისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კომპანიებს შეეძლებათ ბუნებრივი აირის შეძენა, ზოგს კი არა, საფრთხეს უქმნის ევროპის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა.


1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.