რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან.

„გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს.

ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. 

2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.