ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადმოვიდა

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენისას განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მინისტრის განმარტებით, „საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო“, მსგავსი დახმარების განხორციელება ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

„პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ.

მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა: კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას; ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას.

ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი; რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.