ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა. უფლებადაცველი კიდევ ერთხელ მოითხოვს, კლინიკაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი დაუშვან, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ.
კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, თუთბერიძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა შეძლოს.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან მითხრა სრულიად წოლით რეჟიმზეა, მეც მწოლიარე დამხვდა. არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები და ანალიზების პასუხი.
როგორც ადვოკატისთვის, ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაშია, ჯანმრთელობის მდგომარეობის პოზიტიური ძვრები გაუმჯობესებისკენ არ შეიმჩნევა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას, მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო კუთხით, უნდა შეაფასონ რამდენად ეფექტურია მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია, რომ მან სასამართლო პროცესებზე შეძლოს მონაწილეობა. ის ვერ გადაადგილდება, ძალიან სუსტად არის, კუნთების განლევა აქვს. მისი თქმით, მან მკვეთრად დაკარგა წონა, ვერ იღებს საკვებს, მხოლოდ სითხეებს. სავარაუდოდ, სამედიცინო მაჩვენებელი გაუარესებული იქნება", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.